საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას ტოვებს
[
]
12.08.2008, 17:41
საქართველოს პრეზიდენტმა დსთ-დან გამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მიხეილ სააკშვილმა დღეს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე განაცხადა. პრეზიდენტმა უკრაინასა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შემავალ სხვა ქვეყნებს ორგანიზაციის დატოვებისკენ მოუწოდა. "საქართველო აღარასდროს დაიჩოქებს. ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ: საქართველოს ტოვებს დსთ-ს, ჩვენ ვემშვიდობებით საბჭოთა კავშირს და იქ აღარ დავბრუნდებით. მოვუწოდებთ უკრაინასა და სხვა ქვეყნებს დატოვონ იმ ქვეყანათა გაერთიანება, რომელთაც რუსეთი მართავს", - განაცხადა პრეზიდენტმა. მისივე ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულად გამოცხადდება. "მივიღეთ გადაწყვეტილება, რუსეთის ჯარები გამოცხადდეს საოკუპაციო ჯარებად, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კი - ოკუპირებულად", - აღნიშნა სააკაშვილმა. პრეზიდენტ სააკაშვილის თქმით, საქართველომ აჩვენა, რას ნიშნავს მისთვის თავისუფლება, თავისუფლებისთვის ბრძოლა და მომავლისთვის ერთად დგომა. "ჩვენი ძალა ერთობაშია, ჩვენ ვიქნებით წარმატებულები და ბედნიერები", - განაცხადა პრეზიდენტმა.